X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე- იწყება თელავის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ფარგლებშიც 79 კმ ქსელი მოეწყობა

16 აგვისტო 2021

ვიწყებთ  თელავის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ქალაქის წყალმომარაგების 79 კმ ქსელის მოწყობა, ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება კი 24 მილიონს ლარს შეადგენს -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად თელავის მოსახლეობა ისარგებლებს  გამართული, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით და წყალარინების უკვე არსებული სისტემით.

ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ქალაქში დაიწყება პროექტის მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები

„პროექტის მიხედვით, თელავში  რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 არსებულ  ჭაბურღილს, დაემატება 3 ახალი ჭაბურღილი და რეზერვუარები და მოეწყობა მართვის თანამედროვე სისტემა. სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება და ასევე, გათვალისწინებულია ერთწლიანი საგარანტიო ვადა“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

წყალმომარაგების მიმდინარე პროექტებზე საუბრისას, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ 150 დასახლებულ პუნქტში სამუშაოს დასრულების შედეგად წყალმომარაგება გაუუმჯობესდება 360 ათას ადამიანს, მათგან 200 ათასი კი  ცენტრალიზებულად წყალს პირველად მიიღებს.

„2025 წლის ბოლოსთვის  ყველა ქალაქი იქნება სტანდარტის შესაბამისი, 24 საათიანი წყლით მომარაგებული,  2030 წლისთვის კი უკვე მთელი ქვეყანა იქნება სტანდარტის შესაბამისი წყლით უზრუნველყოფილი“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.